რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სადღესასწაულო საშობაო მესა აღავლინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სადღესასწაულო კანონიკურ წესებში ცვლილებები შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მესას გასულ წელთან შედარებით, 10-ჯერ მეტი ადამიანი ესწრებოდა, 200-ის ნაცვლად 2000, ეს დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რაც პანდემიამდე ესწრებოდა პაპის მიერ აღვლენილ წირვას.
85 წლის რომის პაპის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მესა, რომელიც ჩვეულებრივ ზუსტად შუაღამისას იწყება, ამჯერად, დაგეგმილზე ადრე, საღამოს დაიწყო.
სამწყსოსადმი მიმართვაში, რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა ღვთის გამოვლინების არა დიდებულ მხარეზე, არამედ წვრილმანებში მისი დანახვის უნარზე.
"შემთხვევით არ არის, რომ მაცხოვარი ღარიბ ოჯახში დაიბადა, სადაც მისთვის აკვანიც კი არ ჰქონდათ (წმინდა წერილი მიხედვით, ახალშობილი იესო ბაგაში დააწვინეს)", - თქვა პაპმა.
"შობის მნიშვნელობა ის არის, რომ უფალი კი არ აღიმაღლებს თავს ბრწყინვალებით, არამედ ჩამოდის ჩვენთან, რათა გამოვლინდეს ყველგან. ის ირჩევს ამ გზას, რათა იყოს ჩვენთან უფრო ახლოს, შეეხოს ჩვენს გულებს, მოგვცეს ხსნა და დაგვიბრუნოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია", - თქვა რომის პაპმა.
პაპმა ფრანცისკემ წირვა დამცავი ნიღბის გარეშე აღავლინა, მრევლი კი ვალდებული იყო პირბადე ეტარებინა. მედიის ინფორმაციით, როგორც ჩანს, რომის პაპი არ შეაშინა ბოლო მონაცემებმა, რომლის თანახმადაც შობის ღამეს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 50 600 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
23 დეკემბერს ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა გამოსცა ბრძანებულება წმინდა საყდრის ყველა მაცხოვრებლისა და პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.
25 დეკემბერს, დასავლური ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა, უპირველესად კათოლიკეები და პროტესტანტები, აღნიშნავენ ქრისტეშობის დღესასწაულს. შობას 25 დეკემბერს აღნიშავს აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების ნაწილიც, მათ შორის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო.