თბილისელი ქანთრი არტისტის, შოთა ადამაშვილის პირველი ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გამოქვეყნდა.
შოთა შეერთებულ შტატებში არაა ნამყოფი, მაგრამ ჩვენს რეალობაშიც ახერხებს იმღეროს სამხრეთ ამერიკული twang-ის და "ქართული ინგლისურის" ქარიზმატულად შეზავებული კილოთი. ერთი შეხედვით უცნაური აქცენტია, თუ არ იცნობთ ქანთრი ვესტერნის კულტურას. ნეშვილიდან 6000 კილომეტრის მოშორებითაც კი ამ არტისტმა მოახერხა ინგლისურის სწავლა ქანთრი მუსიკის მოსმენით და მისი სიყვარული და ერთგულება ამ მიმდინარეობის მიმართ კარგად აისახება ამ მოკლე მუსიკალურ ვიდეოში, რომელიც ნაწილობრივ მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისშია გადაღებული.
კლიპში შოთას ერთ-ერთი პირველი ორიგინალური საავტორო სიმღერაა გამოყენებული, სადაც ის ოდნავი ოხუნჯობით უსვამს ხაზს დისტანციას, რომელიც ამ კულტურისგან აშორებს.
ის მღერის:
"I'm a Georgian country singer, but this is not a state.
It's a small and lonesome country, between two landscapes.
Is it Europe or even Asia? It's not worth mentioning
People don't even understand what kind of music I sing."
შოთა ადამაშვილზე არაერთი დოკუმენტურია გადაღებული და საერთაშორისო პრესაშიც გვხვდება მასზე სტატიები (BBC, The Guardian). ასევე წელს გაიმარჯვა ორ ნომინაციაში Texas Sounds International Country Music 2021 - ის ფარგლებში. ესენია - "ვირტუალური ამომავალი ვარსკვლავი" და "პროდიუსერების არჩევანი". მეტი მის ისტორიაზე და მუსიკაზე შეგიძლიათ ასევე იხილოთ აქ TEDx talk.
ვიდეოს რეჟისორი ასევე ქართველი დამწყები პერსპექტიული რეჟისორი - თეა ვაწაძეა, რომლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "45" სულ ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექციაში იყო და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზეც საკმაოდ წარმატებულად მოგზაურობს. მასთან ერთად თანაავტორობდა და ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდა ვლადიკ რავიჩი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს აქ და იღებს რეპორტაჟებს და ქმნის დოკუმენტურ ფილმებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ.