შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ შედეგიანია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი შორდება იმ პრობლემებს, რაც თანამოქალაქეებს აწუხებთ.
"არ ვიცი, რამდენად ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რაც საზოგადოებას სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, მათი არჩევანი და იმედია, ხელისუფლება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას კიდევ ერთხელ შეხსენებად მიიღებს, რომ ქვეყანას იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება, რომელშიც ჩვენ ვართ. არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანზე კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს მათი არჩევანია. მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, როცა საქართველოს პრეზიდენტისგან მოწვევა არ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკური პროცესი შორდება იმ პრობლემებს, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, საზოგადოება უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას და დროულად უნდა შევქმნათ ჩვენ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკას დააბრუნებს მათთან, ვისთვისაც არსებობს პოლიტიკა ქართველ ხალხსა და ამომრჩეველში“, – განაცხადა სამადაშვილმა.