საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემიის - „წლის საუკეთესო" ნომინანტთა მოკლე სია ცნობილია.
ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა (ავტორები წარმოდგენილნი არიან ანბანური რიგითობით და რიგითი ნომერი არ ასახავს ერთი ავტორის უპირატესობას მეორე ავტორთან მიმართებაში):
ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული"
1. ავტორი - ჟვანია ნინო, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ", წარმდგენი - ავტორი;
2. ავტორი - ფავლენიშვილი ეკატერინე, „საწუთროს მარგალიტები", წარმდგენი - ავტორი;
3. ავტორი - ქადაგიძე ნინო, „მინიატურები", წარმდგენი - ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი"
1. ავტორი - ბადალაშვილი დავითი, „ლეკვების სამოთხე", წარმდგენი - ავტორი;
2. ავტორი - ჩქვანავა გელა, „კადრილი", წარმდგენი - ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული"
1. ავტორი - თათარაიძე ეთერი, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ" (ორ წიგნად), წარმდგენი - ავტორი;
2. ავტორი - მთვარელიძე თათია, „ობის წიგნი", წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო;
3. ავტორი - წიკლაური მარიამი, „რისკჯგუფი", წარმდგენი - ავტორი;
4. ავტორი - ჯორჯანელი ნიკა, „ნეტფლიქსი", წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის
გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა"
1. ავტორი - მაცხონაშვილი ელენე, „ყვავი რო მოვა", წარმდგენი - ავტორი;
2. ავტორი - ყუშიტაშვილი ფიქრია, „ჩვენებური ამბავი", წარმდგენი - ავტორი;
3. ავტორი - შერვაშიძე გიორგი, „ასი ათას ერთი", წარმდგენი- ავტორი.
შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია ავტორების, ხოლო 3 - გამომცემლობების მიერ.
საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ განიხილა მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები; ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა" განხილულ იქნა როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.