"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის მასობრივ აქციას უერთდება.
როგორც მინაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, შიმშილობის მასობრივ აქციას ასეულობით საქართველოს მოქალაქე შეუერთდება.
"უკიდურესი საპროტესტო ზომის მიზანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იქნება უვადო შიმშილობა, ასობით ადამიანი დაიწყებს შიმშილობას არამარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, შიმშილობა იქნება კარვებში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, გაგრძელდეს სხვა ლოკაციებზეც", - თქვა მინაშვილმა.
მასობრივი შიმშილობის აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან კარვებს შლიან.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იწყება მასობრივი შიმშილობის აქცია.
მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას". - თქვა ნიკა მელიამ
შიმშილობას ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე დაიწყებენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში აქციიდან გადაინაცვლებენ.