"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"როგორც წინასწარ მოვითათბირეთ, ნიკამ უკვე გამოაცხადა, რომ მიშას გათავისუფლების მოთხოვნით ვიწყებთ შიმშილობის საპროტესტო აქციას. ამ წამიდან მე ვშიმშილობ. #თავისუფლებამიშას!, - წერს ბარამიძე.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იწყება მასობრივი შიმშილობის აქცია.
მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას". - თქვა ნიკა მელიამ
შიმშილობას ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე დაიწყებენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში აქციიდან გადაინაცვლებენ.