რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოჭში, ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში, მოლაპარაკებები გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დიმიტრი მედოევსა და ინალი არძინბასთან. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მინისტრებმა "კმაყოფილებით აღნიშნეს ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის ურთიერთოების პროგრესული დინამიკა".
თავის მხრივ, ლავროვმა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს დაუდასტურა მზადყოფნა, რომ "რუსეთი ყველა შესაძლოს დახმარებას გაუწევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში, სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული სფეროების განვითარებაში.
"მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ამ უნიკალურ ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. ასევე, განხილული იყო ამიერკავკასიაში სიტუაციის სხვა აქტუალური ასპექტები. ლავროვმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევის შესახებ, რომელიც რეგიონში ვითარების გაჯანსაღებას ემსახურება, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს და 26 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხისა და საკონსულტაციო რეგიონული ფორმატის "3+3"-ის ამოქმედების შესახებ. ასევე, განხილული იყო საერთაშორისო პრობლემები, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფოტო: Tass