რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბერლინის ქმედების საპასუხოდ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება რუსეთში გერმანიის ელჩ გეზა ანდრეას ფონ გეიერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს და განუცხადეს, რომ "მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს ბერლინის მიერ მომავალში რუსეთს წინააღმდეგ შესაძლო კონფრონტაციულ თავდასხმებს".
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩს მწვავე პროტესტი გადასცეს იმის გამო, რომ გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
ბერლინის სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო რუსი ვადიმ სოკოლოვი (იგივე ვადიმ კრასიკოვი). მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელი მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურებში და მოქმედებდა რუსეთის სახელმწიფოს დავალებით.
მოსკოვი ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას "აბსოლუტურად უსამართლოსა და მიკერძოებულს" უწოდებს და ყველას შეახსენებს, რომ "ხანგოშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული ბანდების ერთ-ერთი ლიდერი იყო".
საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩს ისიც უთხრეს, რომ რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას.