საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.
სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი", - წერია მიმართვაში.
ცოტა ხნით ადრე, გიორგი მარგველაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, მის მიერ წამოწყებულ ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე ესაუბრა.
"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს მისი თაოსნობით იწყება.
აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს", - თქვა მარგველაშვილმა.