მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერის "ინაუგურაციაში" მოლდოვაში რუსეთის ელჩის მონაწილეობას არამეგობრული ნაბიჯი უწოდა.
"მოლდოვაში რუსეთის ელჩის ოლეგ ვასნეცოვის "ტირასპოლის ლიდერის ინაგუგურაციაში" მონაწილეობის კონტექსტში შეგახსენებთ, რომ დნესტრისპირეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება მოლდოვის კონსტიტუციურ წესრიგს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიშინიოვი რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში არამეგობრულ ქმედებად მიიჩნევს.
ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დიპლომატიური ზომის მიღებას.
12 დეკემბერს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში რიგით მეშვიდე "საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართა. არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვებულად გამოცხადდა ვადიმ კრასნოსელსკი.
სეპარატისტულმა რეგიონმა დნესტრისპირეთმა მოლდოვისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, რასაც რეგიონში სამხედრო ესკალაცია მოჰყვა. 1992 წელს დნესტრისპირეთში რუსეთმა "სამშვიდობო ძალები" გაგზავნა.
გაერო არ ცნობს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. სეპარატისულ რეგიონში დაახლოებით 1700 რუსი სამხედრო იმყოფება.