ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ოქროს დათვი 68 წლის ფრანგ მსახიობს იზაბელ იუპერს გადაეცემა. იუწყება ფესტივალის ადმინისტრაცია.
"იუპერი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალური მსახიობია, რომელმაც თითქმის 150 მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში შექმნა პერსონაჟების შთამბეჭდავი დიაპაზონი", - ნათქვამია ფესტივალის ადმინისტრაციის განცხადებაში.
"იზაბელ იუპერი უფრო მეტია, ვიდრე ცნობილი მსახიობი, ის არის უკომპრომისო არტისტი, რომელიც არ ერიდება რისკებს და უგულვებელყოფს დამკვიდრებულ კლიშეებს".
ბერლინალე კინოს სამყაროში, კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა.
ფესტივალზე კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთ მსახიობსა და რეჟისორს გადაეცა საპატიო ჯილდო. ბოლო წლებში, საპატიო ოქროს დათვი ბრიტანელმა მსახიობებმა ჰელენ მირენმა და შარლოტა რემპლინგმა მიიღეს.
ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2022 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვლამდე გასტანს.
საპატიო ოქროს დათვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება იზაბელ იუპერის ახალი ფილმი "ჯოანის შესახებ".
კინოფესტივალი ასევე გეგმავს, კიდევ რამდენიმე ფილმის ჩვენებას, იუპერის მონაწილეობით. კერძოდ, ფრანსუა ოზონის "8 ქალი" და პოლ ვერჰოვენის თრილერი Elle.