ბერლინის 69-ე კინოფესტივალი საპატიო ოქროს დათვს ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს, ლეგენდარულ შარლოტა რემპლინგს გადასცემს. ინფორმაციას ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.
14 თებერვალს, საპატიო ოქროს დათვის გადაცემის ცერემონიალზე, ნაჩვენები იქნება 1974 წელს გადაღებული, იტალიელი რეჟისორის ლილიანა კავანის ფილმი "ღამის პორტიე" შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს ბერლინალეს საპატიო ოქროს დათვი შარლოტა რემპლინგს გადაეცემა. ის შესანიშნავი მსახიობი და კინემატოგრაფიის ეპოქალური სახეა", - განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
შარლოტა რემპლინგის კარიერა 100-ზე მეტ სატელევიოზიო და კინოროლს ითვლის. ის რამდენიმეჯერ იყო ბერლინის კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი, თავმჯდომარეობდა ბერლინის საერთაშორისო 56-ე კინოფესტივალის ჟიურის. 2015 წელს მიიღო ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფილმისთვის "45 წელი".