პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს მიმართა და იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
"ბატონო რატი, მე არ ვიცი სად ისწავლეთ და რა ისწავლეთ, მაგრამ იმ პრეზიდენტის სტიპენდიანდი კი ბრძანდებით დღეს რომ საპატიმროშია და რამდენადაც მახსოვს, ამ სტიპენდიის მისაღებად მინიმალური მოთხოვნა წერა-კითხვის ცოდნა იყო, ამიტომ ალბათ წერა-კითხვას ფლობთ. მე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ წერა-კითხვა, რომელიც ალბათ შეგიძლიათ და გაეცნოთ „ჰიუმან რაით ვოთჩის“ და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს, გაეცნოთ სახალხო დამცველის ანგარიშებს. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე ევროპაშ ვართ, მაგრამ ევროპაში ვერ აღმოვჩნდებით, სანამ ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება არ შესრულდება და სანამ არ იქნება პოზიტიური შეფასებები და გაეცანით ევროპარლამენტარების ბოლო ანგარიშებს. და საერთოდ გამოიყენეთ უნარ-ჩვევები, რომლის განვითარებაშიც ამჟამად საპატიმროში მჯდომი სააკაშვილის სახელობის სტიპენდია დაგეხმარათ, რომ განგევითარებინათ წერა-კითხვის უნარ-ჩვევები მაინც.
რაც შეეხება თქვენ გამოსვლას - სტრასბურგში ბევრი საქმე წავა, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდს ეხება, რომელიც მერწმუნეთ, ხანმოკლე აღმოჩნდება და ძალიან კარგია, რომ დღეს აქ მიეცით თვით აღიარებითი ჩვენება, რაც შეეხება იმ საქმეებს, რომელსაც აუცილებლად განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ეს საქმეები შეეხება პატიმარი მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, რომლებიც თქვენ დღეს აქ დაგვიდასტურეთ, რომ თქვენი პირადი მითითებით დაირღვა. სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატებს აუცილებლად გამოადგებათ ის ჩვენებები, რომლებიც თქვენ დღეს მიეცით. თქვენ დღეს დაადასტურეთ, რომ გაეცით ბრძანება, რომ დარღვეულიყო პატიმარი სააკაშვილის უფლებები, როდესაც მისი ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვეთ და ხელმისაწვდომი გახადეთ. თქვენ დღეს აქ დაადასტურეთ, რომ სააკაშვილს არანაირი თანხმობა არ მიუცია იმაზე, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში და აღნიშნეთ, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა სხვა აზრზეა სახალხო დამცველი როგორც ამ ქვეყანაში, ისე უკრაინაში. ამიტომ, ბატონო მინისტრო, თქვენ სტრასბურგში წარდგენა მოგიწევთ და შესაბამისად, შემდგომში პასუხისგებაში აღმოჩნდებით არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, არამედ იმის გამოც, რომ თქვენს წინააღმდეგ შესაბამის სარჩელს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე - უკრაინაც, რომლის მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევა თქვენ დღეს დაადასტურეთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.