საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.
ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა France 24-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.