ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორიად დარჩება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მესამე რეფრენდუმის შედეგების მიხედვით განაცხადა.
რეფერენდუმზე არქიპელაგის მოსახლეობის უმეტესობამ დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა რეფრენდუმის მონაწილეთა 96.48 პროცენტმა მისცა.
"12 დეკემბერს ახალი კალედონიის მოსახლოებას თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მესამედ მიეცა. 2018 წლის 4 ნოემბრისა და 2020 წლის 4 ოქტომბრის რეფერენდუმების შემდეგ ახალი კალედონიის მოსახლეობის უმეტესობამ, ძალიან დაბალი აქტივობის ფოზნე ხმა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა", - განაცხადა მაკრონმა.
წინა ორი რეფერენდუმი ახალ კალედონიაში 2018 და 2020 წელს გაიმართა. 2018 წელს გამართულ რეფერენდუმში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 56.7%-მა მისცა, 2020 წელს - 53.26%.
ახალი კალედონია, რომლის კოლონიზება საფრანგეთმა 1853 წელს მოახდინა, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა და მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში.
წლების განმავლობაში კუნძულზე მწვავე ეთნიკური დაძაბულობა, სოციალური და ეკონომიკური სირთულეები, აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს.
დამოუკიდებლობის სამი რეფერენდუმის ჩატარება გათვალისწინებულია 1998 წლის ნუმეას შეთანხმებით, რომელიც არეგულირებს დეკოლონიზაციის პროცესს და ახალი კალედონიის სტატუსის შესაძლო ცვლილებას. ამ ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო სიტუაციის ნორმალიზებას არქიპელაგში, სადაც 1980-იან წლებში მელანეზიის მკვიდრი მოსახლეობა აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით.