13 დეკემბერს, 17 საათზე, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, "არტარეას" გალერეაში (დოდო აბაშიძის 10), თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიხსნება. გახსნის პარალელურად, გაიმართება სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადებული კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს.
ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები, ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით, ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, გამოიფინება ერთობლივ სტენდებზეც.
ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ორიგინალი ილუსტრაციები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.
პროგრამა
13 დეკემბერი:
· 17:00 - კატალოგის პრეზენტაცია.
· 18:00 - შეხვედრა ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან. მოდერატორი ნიკი თარხან-მოურავი.
· 19:00 - გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში — შეხვედრა ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან. მოდერატორი დათო სამნიაშვილი.
· 20:00 - ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა.
14 დეკემბერი:
· 14:00 - შეხვედრა ილუსტრატორ ოლესია თავაძესთან. მოდერატორი ზაზა აბზიანიძე.
· 17:00 - გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნის, „ქართული მითიური პერსონაჟები“ წარდგენა და საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე. წარმდგენი თამარ ლონდარიძე.
· 18:00 - ია გაბუნიას ახალი წიგნის „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაცია. მოდერატორი ნინო ძანძავა.
· 19:00 - გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.