დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა იყო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კოლეგებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ დაიცვან და ხელი შეუწყონ თავისუფლებასა და დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და როგორ დაუპირისპიდნენ მავნე აქტორებს, მათ შორის რუსეთს.
სამიტის ფარგლებში ლიზ ტრასი პირისპირ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს უნდა დაეკისროს სანქციები თუ ის შეეცდება, შეიჭრას უკრაინაში.
ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს მოსკოვი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ.
ამასთან, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები გამოვიდნენ მოწოდებით, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, რომელიც პირველად დაესწრო "დიდი შვიდეულის" მინისტერიალს, დაძაბულობის მიუხედავად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი განახლდეს.
ბერბოკმა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობით "ნორმანდიული ფორმატის" მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ვითარების ნორმალიზების მცდელობის ერთ-ერთი გზა, შესაძლოა, ნატო-რუსეთის საბჭოც იყო.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები ვთანხმდებით, რომ ევროპაში საზღვრების ცვლილება დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომ ამ ხაზის გადაკვეთა უზარმაზარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს", - თქვა ბერბოკმა.