"ირაკლი ღარიბაშვილი, მტრის ჯინაზე, კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.
„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.