საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება.
მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – რობერტ სტურუა.
კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.
სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ.