პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
სოზარ სუბარის თქმით, სააკაშვილმა თავდაპირველად იმ ოჯახებს, რომელთა წევრები მისი ბრძანებით მოკლეს, აწამეს, ბოდიში მოუხადოს, პატიება მიიღოს, სასჯელი მოიხადოს და შერიგებაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"მას ყველა იმ ოჯახების ნომრებს მივაწოდებ, რომელთა ოჯახის წევრები მისი ბრძანებით ქუჩაში მოკლეს, იყვნენ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული. მათ ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს. სასჯელი მოიხადოს და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილს ასეულობით ოჯახს ჩამოვუთვლი, რომელთა ოჯახის წევრები მისი პირადი ბრძანებით მოკლეს. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ პირადად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. გამოსავალი ძალიან მარტივია – ვინც პარლამენტში შემოვიდა, იმუშაოს ქვეყნის უკეთესს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. საკრებულოებში 30 პროცენტი ოპოზიციის არის, მივიდნენ და დესტრუქციით ნუ იქნებიან დაკავებული. სასჯელი უნდა აღსრულდეს, როცა სასამართლოს მიერ არის გამოტანილი. ეს არის ნორმალური ვითარება, ამის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა და ვერც განვითარდება. როცა პროცესების ქუჩაში გადატანა უნდათ, ამით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყვიტონ, აღიარონ, რომ არჩევნები წააგეს უკვე მერვეჯერ. თუ ასე გააგრძელებენ, შანსი მეცხრე არჩევნებზეც არ ექნებათ", - განაცხადა "პირველი არხის" ინფორმაციით სოზარ სუბარმა.