როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ მაგალითად ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც ეს გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ და რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება.
„შეუძლებელია, რომ ომის თემას არ გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყო, რომელ პარტიას ან მის მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა, რომ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ მაგალითად ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც ეს გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ და რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე საზოგადოების თვალში, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს, საერთაშორისო მართლმსაჯულებისას სამართლწარმოების დროს ყველა სიტყვას, განცხადებას, ინტერპრეტაციას შესაძლებელია, მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართულმა, რომელიმე მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, აბა, რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რიტორიკული კითხვა შეიძლება მხოლოდ დაისვას, რაც ეწერა მაგალითად იმ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა? და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, რაც არის დადანაშაულება, დაბრალება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ჯარისკაცების იმაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება, მაგალითად საკუთარ ქვეყანას და მაგალითად წინა დღეებში ხდებოდა, ენერგეტიკის სამინისტროს დააბრალო რაღაც, რაც ასევე აწყობს რუსულ მხარეს. ერთი კვირის განმავლობაში ვხედავთ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ქართულ უწყებას, ენერგეტიკის სამინისტროს ამტყუნებდნენ რუსებთან მიმართებაში. მაშინ საუბარი იყო 200 მილიონიან დავაზე, სამწუხაროდ, დაეკისრა საქართველოს 80 მილიონის გადახდა და დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართული სახელმწიფო ყველა ინსტანციაში ცდილობს ძალების მოსინჯვას, რომ ეს დაკისრებული, გადასახდელი თანხაც არ გადაიხადოს და ეს არ მოხდეს ქართველების ხარჯზე.
ამ შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. შეგიძლიათ, წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით და რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ ომის დაწყებას საქართველოს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.