პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში.
გამყრელიძის განცხადებით, სწორედ პირბადეა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში.
"პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირაბდე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი.
განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორას ლარიანმა წახალისებამ 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის, ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მცირედი გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება.
"გასაგებია, რომ დღესაც 3 410 შემთხვევა იყო, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი, მაგრამ კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია", - აღნიშნა გამყრელიძემ.