შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვირტუალური შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებას ეყრდნობა, პრეზიდენტების ვიდეოკონფერენცია დიდი ალბათობი, 7 დეკემბერს ან მომდევნო დღეებში გაიმართება. პესკოვის თქმით, მიმდინარეობს თარიღის დაზუსტება ვაშინგტონთან.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვირტუალური სამიტის თარიღი და დრო უკვე ცნობილია, მაგრამ ოფიციალური გამოცხადებისთვის აუცილებელია, ვაშინგტონთან ყველა დეტალის საბოლოოდ შეთანხმება.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა სამიტის თარიღის დადასტურებაზე, მაგრამ თქვა, რომ კონტაქტი სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგა.
იური უშაკოვის თქმით, ვიდეოკონფერენციის დღის წესრიგი უკვე შეთანხმებულია. პუტინი და ბაიდენი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ირგვლივ არსებულ დაძაბულ სიტუაციას განიხილავენ.
უშაკოვის თქმითვე, ბაიდენი და პუტინი ვირტუალურ სამიტზე ასევე განიხილავენ ავღანეთში არსებულ ვითარებას თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ასევე მოლაპარაკებებს ირანთან ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს.
პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ პუტინისა და ბაიდენის მოახლოებული შეხვედრა რუსეთისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, ასევე იქნება შეერთებული შტატებისთვისაც.
3 დეკემბერს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყოვლისმომცველი ინიციატივებზე მუშაობს, რათა თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ბაიდენმა არ დააკონკრეტა კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია კიევთან და ევროპელ მოკავშირეებთან არსებული ვითარების შესახებ.
ამ კვირაში შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაწესდება, თუ უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.
უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხდრო შენართების მასშტაბური კონცენტრაცია კიევისა და დასავლეთის შეშფოთებას იწვევს. 3 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და შესაძლოა იანვრის ბოლოს უკრაინაში შეიჭრას.