ავსტრიის მმართველი "სახალხო პარტიის" (ANP) ხელმძღვანელობამ, დღეს გამართულ შეკრებაზე, პარტიის ახალ ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი აირჩია.
პარტიის ლიდერად არჩევა კარლ ნეჰამერს ავსტრიის კანცლერობისკენ მიმავალ გზას უხსნის.
"დღეს მე ერთხმად ამირჩიეს პარტიის ლიდერად და ამავდროულად ფედერალური კანცლერის კანდიდატად, რაც ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა", - განაცხადა მომავალმა კანცლერმა.
კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერს პოსტს დაიკავებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენის წინაშე ფიცს წარმოთქვამს.
ამ დრომდე, ავსტრიის კანცლერის დროებით მოვალეობას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ასრულებდა. შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა ოქტომბერში, მას შემდეგ რაც სებასტიან კურცი კორუფციის ბრალდების ფონზე გადადგა.
გუშინ, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ დატოვებდა კანცლერის თანამდებობას, როგორც კი მმართველი "სახალხო პარტიის" ახალ ლიდერს აირჩევდა. პარტიის ლიდერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.
როგორც იუწყებიან, კარლ ნეჰამერის მთავრობაში ალექსანდერ შალენბერგი კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.