ავსტრიის კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი, თანამდებობის დაკავებიდან სულ რაღაც 7 კვირის შემდეგ, გადადგომას გეგმავს.
თავისი განზრახვის შესახებ კანცლერმა შალენბერგმა წერილობითი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა და ავსტრიის სახალხო პარტიის (ANP) ლიდერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.
შალენბერგის თქმით, თანამდებობას დატოვებს, როგორც კი გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს პარტია ANP-ს.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მმართველი პარტიის ლიდერი და მთავრობის მეთაური ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს", - თქვა შალენბერგმა და ისიც დასძინა, რომ საკუთარი კანდიდატურა არასდროს განუხილავს მმართველი პარტიის ლიდერის პოსტზე.
ალექსანდერ შალენბერგი, რომელიც მანამდე საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ავსტრიის კანცლერი გახდა ოქტომბერში, მას შემდეგ რაც სებასტიან კურცი გადადგა კორუფციის ბრალდების ფონზე.
ავსტრიის სახალხო პარტიის ფედერალური ხელმძღვანელობის შეხვედრა 3 დეკემბერს არის დაგეგმილი. ავსტრიულმა მედიამ ANP-ის მომავალ თავმჯდომარედ და კანცლერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი დაასახელა.