"ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი მივუძღვენი ამ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაიფორმებს ევროპასთან ურთიერთობაში წარმატებას, რადგან ევროპასთან ჩვენი დაახლოება ქვეყნის წარმატებაა. არასოდეს ყოფილა ეს ქვეყანა უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე არის დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" 9 წლიანი მმართველობის დამსახურება", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ირაკლი კობახიძეს უცნაური წარმოდგენა აქვს თუ რა არის ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია.
„ბატონ კობახიძეს როგორც ჩანს მიაჩნია, რომ დილეგში და საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა - ეს არის ევროპული საქციელი. ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება ევროპისთვის - არის ევროპული საქციელი, როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ კარდაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმისა, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუცია სახალხო დამცველის სახით - რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პროექტი - და ეს არის ევროპული საქციელი, როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს ისიც სჯერა, რომ სატელევიზიო სივრცეში პუტინის სურათის ტრიალისთვის, დამოუკიდებელი ტელევიზიის დაჯარიმება - ეს არის ევროპული საქციელი; ალბათ იმისაც გჯერათ, რომ როდესაც პროკურატურა ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის - ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის ევროპული სტანდარტების კარგი მაგალითი; ალბათ იმისიც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა რომ შედის მსოფლიოში ათ ყველაზე სახიფათო ქვეყანაში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით - ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით, მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე დაბალ ათეულში რომ ვართ - ალბათ ესეც ევროპული სტანდარტია. რბილად რომ ვთქვა, თქვენ უცნაური წარმოდგენა გაქვთ თუ რა არის ევროპული სტანდარტი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილსაც მიმართა, რომელმაც სხდომაზე ირლანდიაში, ლიეტუვასა და სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
„საქართველოს პარლამენტში არ არის საჭირო ტყუილების საუბარი. თქვენგანაც ,„ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან კი, ასეთი საუბარი არის უხერხული. ქალბატონო მაკა, თქვენ შეხვედრაზე უარი გითხრათ ლიბერალური ჯგუფების წარმოდგენელებმა, უარი გითხრათ მწვანეთა ჯგუფის წარმოდგენელებმა, შეგხვდათ ერთადერთი - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, სახალხო პარტიის წარმომადგენელი. თქვენ უკვე აღარ გხვდებიან ევროპაში, რადგან თქვენთან საუბარს აღარ აქვს აზრი. აზრი არ აქვს საუბარს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემენ და საკუთარ პირობას არ ასრულებენ. ერთადერთი გზავნილი, რომელიც თქვენ ევროპარლამენტიდან წამოიღეთ არის ის, რომ დროულად მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ელოდება როგორც ჩვენი საზოგადოება ისევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.