ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრად არჩევნებში გამარჯვებული ცენტრისტული კოალიციის ლიდერი პეტრ ფიალა დანიშნა.
ოფიციალური ცერემონიალი ლანის საპრეზიდენტო ციხე-სიმაგრეში, უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით გაიმართა. პრეზიდენტ ზემანს ამ კვირაში Covid-19-ს დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომაც იგი ცერემონიის მიმდინარეობისას, შუშის კედლებით იყო გარემოცული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის დამტკიცდება ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. იუწყებიან, რომ პრემიერ-მინისტრმა ფიალამ პრეზიდენტს უკვე წარუდგინა თავისი მთავრობის წევრები.
ფიალას განცხადებით, მთავრობის ახალი კაბინეტი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ შეუდგეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას, როგორიცაა ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაცია, ეპიდემიოლოგიური ვითარება.
მილოშ ზემანი საავადმყოფოდან, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მიმდინარე კვირაში გაწერეს, თუმცა მალევე, კვლავ გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზება კორონავირუსით ინფიცირების გამო.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია დამარცხდა. პრეზიდენტი ზემანი 11 ნოემბერს დათანხმდა ბაბიშის გადადგომის წინადადებას. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო გაჭიანურდა.