საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში, რომელმაც ორ დღეს გასტანა, დასასრულს მიუახლოვდა.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, შესაძლოა ითქვას, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ვეღარ შეძლებს მეორე ვადით ძალაუფლების სადავეებთან დარჩენას.
ხმების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, სამი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ "ერთად" 27.62%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ 27.25%. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა "მეკობრეები/მერები" ხმების 15.47% მიიღო.
ოპოზიციურ ჯგუფს "ერთად" და "მეკობრეებს" პარლამენტში უმრავლესობა ექნებათ, 200-დან 108 მანდატი, რაც მათ გზას უხსნის კოალიციური მთავრობის ფორმირებისკენ.
გარდა ამისა, სოციალ დემოკრატებმა და კომუნისტებმა, რომლებიც ბაბიშის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში იყვნენ, ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი.
ნათელია, რომ ანდრეი ბაბიშს კომუნისტებისა და სოციალ-დემოკრატების გარეშე, გაუჭირდება პარტნიორების მოძიება კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.