ქართველმა ჟურნალისტებმა ევროპელი მედიაექსპერტებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის პროექტზე მუშაობა დაასრულეს.
როგორც ქარტიის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა და ორგანიზატორმა, მედია ექსპერტმა ია ანთაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერა 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "რედისონში" შედგება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტს შეიცავს. ტექსტზე ხელმოწერა ინდივიდუალურია და პასუხისმგებლობაც იმ ჟურნალისტებს ეკისრებათ, რომლებიც ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს დაარღვევენ. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგს სპეციალური საბჭო განახორციელებს, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება. საბჭოს წევრებს ჟურნალისტები აირჩევენ. საბჭოში 3 თბილისელი, ხოლო 6 რეგიონული ჟურნალისტი იქნება. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.
ანთაძის ცნობით, ხელმოწერის ღონისძიებას ევროპის საბჭოს მედიის სამმართველოს პროგრამების მრჩეველი ფლორანს მარშალი და სხვა ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.