"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ რაიონებში პროფილაქტიკურ სამუშაოსაც კი არ ატარებს და მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც გოზალიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის განკარგულებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, პირველადი გადაუდებელი სამუშაოს ჩასატარებლად, 120 ათასი ლარი გამოეყო.
"სოფელ უზუნთალაში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოს პროექტირება. ნაპირდაცვითი სამსახური მდინარე კაბალის ნაპირსამაგრი სამუშაოს პროექტს ადგენს. დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცა ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან მიღებული სურსათი. გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა და დაზარალებულ ოჯახებზე განაწილდა, 150, 200 და 400 ლარის ოდენობით, ზარალის მიხედვით. უახლოეს დღეებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ ერთ ტომარა პურის ფქვილს, რომელსაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია გადმოგვცემს", - აღნიშნა ლაგოდეხის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა კახეთის ხელისუფლებისგან ანგარიში მოითხოვა. გამყრელიძეს აინტერესებდა, რა დახმარება გაეწია რეგიონში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულები კახეთში უკიდურესად მძიმე პირობებში არიან.
"მოსახლეობა სურსათის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოშლილია ინფრასტრუქტურა და მცირე წყალდიდობის შემთხვევაშიც კი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ცოტა ხნის წინ სტიქიამ თელავის რაიონში სამი ადამიანიც კი იმსხვერპლა. პროფილაქტიკური სამუშაოს ჩასატარებლად აქამდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა", - ამბობს გამყრელიძე.