ფოტო: Reuters
რუსული კომპანია "გაზპრომი", რომელიც კრემლის პოლიტიკის გამტარებლად ითვლება, მოლდოვას გაზის შეწყვეტით დაემუქრა.
22 ნოემბერს, "გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა ტელეარხ NTV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიამ ამის თაობაზე უკვე აცნობა მოლდოვის ხელმძღვანელობას.
მისი თქმით, მოლდოვამ 22 ნოემბერს არ დაფარა მიმდინარე გადასახადი, ამიტომ "გაზპრომმა" აცნობა რესპუბლიკას, რომ 48 საათის შემდეგ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
გასულ თვეს, მოლდოვას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდა "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და მოსალოდნელი ენერგოდეფიციტის გამო.
მოლდოვამ გრძელვადიანი კონტრაქტი გაზპრომთან 2006 წელს გააფორმა, რომელიც ყოველწლიურად ახლდებოდა. ამ კონტრაქტს ვადა 30 სექტემბერს ამოეწურა. შეთანხმება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა, რა დროსაც კიშინიოვმა რუსული კონცერნისგან გაზი 1000 კუბურ მეტრზე 790 დოლარად იყიდა.
მოლდოვის პარლამენტმა 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა გაზის დეფიციტის გამო. 23 ოქტომბერს გაზპრომი მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ არ გადაიხდიდა ვალს და არ დათანხმდებოდა ახალი კონტრაქტის პირობებს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, "გაზპრომმა" და მოლდოვამ გრძელვადიანი ხელშეკრულების განახლებისთვის, ახალი სატარიფო პოლიტიკის შეთანხმების შესახებ განაცხადეს. სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, "გაზპრომი" ხელშეკრულების ხელმოწრას იმ პირობით დათანხმდა, რომ მოლდოვა სრულად და დროულად დაფარავდა გადასახადებს.
ექსპერტების მტკიცებით, კრემლი გაზის ტარიფებს იყენებს იარაღად, რათა ძირი გამოუთხაროს მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელსაც ასე ესწრაფვის ქვეყნის პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ.