"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება ინვესტორს ინტერნეტითაც შეეძლება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, კანონპროექტი ითვალისწინებს ქონების მართვისა და პრივატიზების ადრე არსებული მარეგულირებელი ცალკეული ნორმების განახლებას და ერთი ნორმატიული აქტის ფარგლებში თავმოყრას. ამასთან, ქონების მართვისა და პრივატიზების პროცედურები უფრო გამარტივდა. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ისეთ სიახლეებს, როგორიცაა ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემოღება, პრივატიზების ვადების მნიშვნელოვნი შემცირება (აუქციონამდე ინფორმაციის გამოცხადების ვადა 30 დღიდან შემცირდა 15 დღემდე უძრავი ქონებისათვის და 5 დღემდე მოძრავი ქონებისათვის).
იცვლება ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების წესები, პრივატიზების უფლება მიენიჭა მოძრავი ნივთის მოსარგებლეს, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სწრაფად და მობილურად განხორციელდეს მოძრავი ნივთების განკარგვა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპიობებულია საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მიღებით, რომელიც ახლებურად არეგულირებს სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებს. ამასთან, ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" მოქმედი კანონის ნაცვლად მიღებულ უნდა იქნეს ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით დადგენილი პირობებისა და წესების გათვალისწინებით დაარეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებასთან დაკავშირებულებულ ურთიერთობებს.
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლებისა და ძირითადი პირობების განსაზღვრა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.