ფოტო: AFP
ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე განაცხადა.
ნიკა მელიამ გადაუხადა მადლობა იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებითაც მიხეილ სააკაშვილი წყვეტს შიმშილობას.
„რომ არა თქვენ, რომ არა თქვენი არაძალადობრივი პროტესტი, რომ არა ის არაერთი მართლაც ძალიან სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულს, დიახაც, დღევანდელი დღე ისე არ დასრულდებოდა, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემოდა შესაძლებლობა, შეეწყვიტა შიმშილობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.
უკვე ადამიანურად ვართ ბედნიერი, ვიცით რა, რომ არ ელოდება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, ჩვენს მეგობრებს, დეპუტატებს და ბევრ კიდევ სხვა ადამიანს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია. რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ ფართო გაგებით სიხარულს, ჯერჯერობით ჯერ ჩვენ ვერ განვიცდით, ვიდრე ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს უზურპატორი ხელისუფლება, რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მიიტაცა არჩევნები და ცდილობს, რომ ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ ამ რეალობას არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა უკვე საქართველოს მოქალაქეებისა და ბრძოლა, რა თქმა უნდა ისეთივე არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში თქვენ გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას და არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა იმ მზაკვრულ, მაგიდაზე დადებულ გეგმას, რომელსაც ხორცი ვერ შეესხა და ეს გეგმა გულისხმობდა სისხლის ღვრას. დიახაც, სამოქალაქო დაპირისპირებას და ის რომ არ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში რეჟიმის. იმიტომ, რომ რეჟიმი პირიქით, ცდილობდა სისხლისღვრის გამოწვევას. რატომ მანამდე არ ზრუნავდნენ, რატომ მანამდე არ გამოიჩინეს ჰუმანურობა. დღეს თქვენ არ გექნებოდათ შესაძლებლობა, ბოლო საათებში მოგესმინათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, სადაც ისინი საუბრობენ“, - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ მთავარი თავგადასავალი ჯერ წინაა.
„მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ. არც ერთი ჩვენგანი, მე დავიფიცე ყველა ქალაქში, სადაც ვიარე და ვთქვი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ; ვიდრე მიტაცებული სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ ექნება, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ. აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.