იმედი მაქვს, სააკაშვილის ჯანმრთელობას არ აქვს უკვე მიღებული ისეთი ზიანი, რომელიც შეუქცევადია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც შეწყვეტს შიმშილობას, - აცხადებს ფრაქცია ლელოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
მისი განმარტებით, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად შიმშილობას სხვებიც შეწყვეტენ.
„მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი. წარმოუდგენელია ის, რომ ჩვენ დაგვჭირდა ამდენი დრო, ამხელა ზეწოლა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რათა მიგვეღწია იმისთვის, რაც სრულიად ბუნებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა ასეთ ვითარებაში. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ აქვს უკვე მიღებული ისეთი ზიანი, რომელიც შეუქცევადია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც შეწყვეტს შიმშილობას და შეწყვეტს ასევე შიმშილობას ელენე ხოშტარიაც და ყველა სხვა ადამიანი, რომელმაც მიმართა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას გასული დღეების განმავლობაში.
მე არ ვარ ექიმი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გორის სამედიცინო ჰოსპიტალი არის სამედიცინო თვალსაზრისით აღჭურვილი იმგვარად, რომ მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურად დაცვა ამ ჰოსპიტალის პირობებში, მაგრამ ცხადია, რომ კომპეტენტური ხალხის აზრი იქნება მნიშვნელოვანი ასევე ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.