"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის მიღმა გარკვეული დესტრუქციული გეგმები დგას.
კობახიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, სისხლისღვრის ჩათვლით.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები და საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო მხარე, ასევე, უსაფრთხოების მხარე - ორივე მხარე თანაბრად გასათვალისწინებელია. რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს - ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან - ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის რისკები. ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი ძალიან კარგად ხვდებით რაც არის - ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების. ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები და ვიცით, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა ყველაფრის მკადრებელია. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო”,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.