"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 19 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობა, რომელიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან უნდა გამართულიყო, პარტნიორ პარტიებთან მოლაპარაკებების შემდეგ გაუქმდა.
ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მსურველნი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 15:00 საათზე უნდა შეიკრიბონ.
"სადისტური რეჟიმი მოქმედებაშია, სადისტური რეჟიმი არ ავლენს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებსაც კი და ცდილობს სისრულეში მოიყვანოს ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გეგმა. უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, დატყვევებული ადამიანი მოკლას. მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა, არც საავადმყოფო...
აქედან გამომდინარე, ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როგორც არასოდეს, საჭიროა სრული მობილიზაცია და ერთობა. ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა რომ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსული სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.