მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა შეიძლება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება რაიმე სპეციფიკური ოპერაციის საჭიროება. ამ შემთხვევაში ის რისკებიც აღარ არსებობს, რომელიც თავდასმასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, 3 კვირაა უკვე დაყენებულია მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ იყო.
"ადამიანი არის კარგად, ჯანმრთელად, იკვებება და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი არის სამოქალაქო კლინიკაში, სადაც არის დაცული ტერიტორია, ამ შემთხვევაში რისკი ბევრად უფრო მაღალია. დავუშვათ გახდა საჭირო ოპერაცია, ასეთ დროს, ასეთი თავდასხმის რისკები და ა.შ. ნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე საუბარია რაზე? ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყოს ციხეში თუ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც არის სერიოზული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით?", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.