სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცველებს თმებით რომ ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მაშინ ამ ყველაფრით არც უკრაინელი ომბუდსმენი აღფოთებულა.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისას იძულების ზომა აუცილებლობიდან გამომდინარე იქნა გამოყენებული.
„არ ვიცი, მან წინასწარ იცოდა თუ არა, რომ გადაჰყავდათ გლდანის კლინიკაში. ამაზე სასჯელაღსრულების დაწესებულება და იუსტიციის სამინისტრო გაგცემთ პასუხს. რა ტაქტიკას აირჩევს ამისთვის იუსტიციის სამინისტრო, ეს თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იძულების ზომას, რა თქმა უნდა, იძულების ზომა იყო გამოყენებული გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო აუცილებელი ზომის აღსასრულებლად. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ლამაზი სანახავი ასე მიხელ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე მისი დანაშაულია. ვიღაცებმა ახლა შეიცხადეს, რომ თურმე, პრეზიდენტი სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამართალდამცველებს სააკაშვილმა როდესაც თმებით ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს. მაშინ გახსოვთ ვინმე გამოსული და პროტესტი გამოხატული ან გახსოვთ უკრაინელი ომბუდსმენი, რომ მაშინ გამოვიდა და აღშფოთდა ამ ყველაფრით? პატიმრის მიმართ თანასწორი მოპყრობა უნდა იყოს და იძულების ზომა იყო გამოსაყენებელი. იძულების ზომა პატიმრის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული, როცა არ ემორჩილება და ისტერიკაშია?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.