აქ ამ ქვეყანაში, ახლა თუ მართლა გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, ქუჩაში გამოსვლის დროა. თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ახლა, ქუჩებში გამოსვლის დროა, არაძალადობრივ აქციებში უწყვეტად და უტეხად მონაწილეობის მიღების დროა, აღარ არის სოციალურ ქსელებში აქტიურობის დრო, აღარ არის მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების ყურების დრო. ბევრ თქვენგანს ალბათ, არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდით იმ განცხადებას, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახელით. ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც არის საეტაპო განცხადება, რომელიც ღია დეკლარაციაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა საერთაშორისო ორგნიზაციას, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის განვითარებას, უთხრა – ამიერიდან, ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს, პოლიტიზებული და მიკერძოებული, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთო. ყველა ის ადამიანი, მიმართავს უცხოელებს, ვინც თვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ვიტოვებთ უფლებას, ჩავთვალოთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავად დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით. არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ ხდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, რაც იკადრა იანუკოვიჩმა. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც დაასრულა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, უკვე ცივილიზაციური არჩევანია გასაკეთებელი, მეტი რა უნდა თქვას რეჟიმმა, ღიად განაცხადა, რომ დასავლეთთან წყვეტს კავშირს.
„მათ ჩაუვარდათ განვლილ დღეებში დაპირისპირების, სისხლისღვრის ტაქტიკა და სტრატეგია, ჩვენ არ ავყევით, მაგრამ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე, ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში, ეს ასე იქნება, არ შეჩერდება. ერთ გენერალურ დანიშნულ თარიღზე ჩვენ მათ ბრძოლას არ გავუმართავთ და არ გავუმართეთ. ამ სტრატეგიამ სიმართლის და მართალი ხალხის სასარგებლოდ გაამართლა. გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოებამ და განცხადებები განცხადებებზე კეთდება. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? დიდწილად იმან, რომ დაუღალავად, შეუპოვრად, ყოველდღე, მოსვენებას არ ვაძლევთ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეებს. აქ, მართლაც თუ გულით გვინდა, რომ არ გვაყურებინონ ადამიანის მკვლელობას, ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ ამ ქვეყანაში, ახლა თუ მართლა გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, ქუჩაში გამოსვლის დროა. თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა.