ახლა თუ მართლა გვინდა, რომ ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის დროა, თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა მიზეზით, ყოველდღიურად ვერ ახერხებს საპროტესტო, უწყვეტ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ასეთი მოქალაქეები არიან ძალიან ბევრი, ათიათასობით. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობს 10 ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალურ ქსელში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა ოპოზიციის, ვისაც ეიმედება, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, მსჯელობს, რას იზამს ოპოზიცია, გადატეხავს ვითარებას ქვეყნის საკეთილდღეოდ? ტალახიდან ამოიყვანს ვითარებას, სადაც რეჟიმმა ჩააგდო, თუ არა? აქ მინდა, ვთქვა მთავარი – ოპოზიცია არის თითოეული საქართველოს მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს – ხელისუფლება და რეჟიმი რომ გყავდეს ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს შერიგებისკენ, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება. ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ეს არის ერთადერთ გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან”, - თქვა მელიამ.