"ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არამხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებენ იმ დავალებას, რაც ივანიშვილისგან მიიღეს.
"ანა ფოტიგა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ არაფორმალური შეხვედრა გვაქვს, ჩვენ შევაჯამებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას ვიზიტიდან აქვს. უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს - პატიმარს შეხვდეს ციხეში. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არამხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს შესაბამისად ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს.
ნათელია, რომ ვინც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებენ იმ დავალებას, რაც ივანიშვილისგან მიიღეს, რომ საქართველოს მართლაც არ შერჩეს მეგობრები დასავლეთში. ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელიც მრავალი წელიწადია იბრძვის, როგორც ძალიან ცოტა ქართველი დიპლომატი იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის. რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების მომენტებში ის, ყოველთვის იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის ევროპაში", - განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს 12 ნოემბერს ეწვია. ფოტიგა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდა იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლის ნებართვას. დღეს, ფოტიგამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვაზე უარი მიიღო.