მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის და მუსოლინი - იტალიის - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის, როგორც მესამე პრეზიდენტისთვის, პატივისცემისკენ მოუწოდებენ, მაშინ როდესაც დღევანდელ პრეზიდენტს მონას ეძახიან.
გვთხოვენ, რომ პატივისცემით ვისაუბროთ, დიდი პატივისცემით და მორიდებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, როგორც სიმბოლოზე. მიხეილ სააკაშვილი სიმბოლო ვერ იქნება ვერასდროს. ისევე როგორც, მაგალითად ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო ვერასდროს და ვერც მაგალითად, მუსოლინი ვერ იქნება იტალიის სიმბოლო და ა.შ. წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი დანაშაულებრივი, საშინელი რეჟიმის შექმნით, იყოს საქართველოს სიმბოლო. ვერასდროს ვერ იქნება.
ორმაგი სტანდარტი იცით რაში მდგომარეობს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, გვამუნათებენ და მოგვმართავენ, რომ პრეზიდენტია მაინც და პატივისცემით ილაპარაკეთო, ამ დროს დადიან და დღევანდელ, მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. აი, ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება", - აცხადებს მდინარაძე.