ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვერ შეხვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განმარტებით, მათ დღეს სურდათ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრა. სამწუხაროდ, 6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და ამ დრომდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.
"ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია, ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს უფლებას ციხეში შესვლის, ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არაერთი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე ის გზავნილი, რომელიც ამ წერილში არის გაჟღერებული. აქ არის ორი მოწოდება: ერთი არის საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის გატარება და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა. ასევე, მოწოდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. მე ამ გზავნილს გადავცემ ევროპელი პოლიტიკოსების სახელით მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, არ ვიცი საათნახევარი რჩება დღის ბოლომდე, ვნახოთ იუსტიციის სამინისტრო თუ გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ არ მისცეს შესაძლებლობა ევროპელ პოლიტიკოსებს პირადად შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.