"რთულია, გაიგო, რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ", რომ საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანახავად, თვითაღიარებითი კადრები გაუშვას, რომ დიახ, როგორც ნათქვამი იყო, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხეში", აცხადებს "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს ეს მწვავე დაპირისპირება რაც ქვეყანაშია, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის პოლარიზება გაზარდოს, მაქსიმალურად ასწიოს ტემპერატურა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მომხრეები პროვოკაციებზე წამოაგოს.
"იმას, რომ აქციის წინ გადაიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხეში მალულად, გაიტაცეს ფაქტობრივად, დღევანდელი აქციის პარალელურად გაავრცელეს ეს კადრები, სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს პროვოკაციაზე წამოაგოს "ნაციონალური მოძრაობა", აიძულოს გადადგან ისეთი ნაბიჯები, რასაც შემდეგ ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას ყველაფერს მშვიდობიანი პროტესტით დავუპირისპირდეთ და მაქსიმალურად ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები. პირველი საერთაშორისო დელეგაცია ჩამოდის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მათ ამ წუთშიც არ აქვთ ნებართვა მიღებული საპატიმროში შესვლის და დიდი იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" არ დაუშვებს მორიგ ძალიან უხეშ შეცდომას და საერთაშორისო პარტნიორებს უარს არ ეტყვის ციხეში პატიმრის მონახულებაზე,"- განაცხადა სამადაშვილმა.