იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
„დიახ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, და ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა ამაზე პასუხიმგებლობას?", – განაცხადა მინისტრმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება მოქმედებს პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.
რატი ბრეგაძემ არგადაყვანის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების ფაქტორი დაასახელა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ცდილობდა სასამართლო პროცესისათვის ხელის შეშლას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, მსჯავრდებულ სააკაშვილის დასწრებას პროცესზე შესაძლოა, კიდევ უფრო დაეძაბა ვითარება: „ბუნებრივია, ჩვენ მსგავსი ტიპის ქმედებებს ხელს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუწყობთ".