იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში შესახლების კადრებს საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ასაჯაროებს.
რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო როგორც სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.
„ჩვენი მიზანი იყო, არის და ყოველთვის იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი; ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოჰყვა უკვე აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება და ამ ფაქტს უკვე იძიებს სახელმწიფო ინსპექტორი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.