ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, განაცხადა პარტია "დროს" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე. მისი თქმით, ეს არის მაგალითი, რომ ოპოზიციას არანაირი დესტაბილიზაცია არ უნდა და იბრძვის მტკიცედ, მაგრამ მშვიდობიანად.
"ვხედავთ, ხელისუფლება მუდმივად სპეკულირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას დესტაბილიზაცია აქვს დაგეგმილი და პირიქით ხდება. პირველი მაგალითი, რომ ოპოზიციას არანაირი დესტაბილიზაცია არ უნდა და იბრძვის მტკიცედ, მაგრამ მშვიდობიანად, იყო გლდანის ციხეში. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მაშინ, როდესაც კოლონები იყო მცხეთასთან, ეს იყო პირდაპირ დაგდებული ლიმონკა, რათა უბრალოდ სიტუაცია აგვეფეთქებინა და ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ ქნა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულ განცხადებას აკეთებს, რომ მოხსნას ყველანაირი კითხვები, რომელიც ისედაც არ არსებობს და „ქართული ოცნების“ სპეკულაციაა. დადო პირობა საერთაშორისო თანამეგობრობის და საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენი ამოცანა არის არა რაიმე სახის დესტაბილიზაცია და ხელის შეშლა, არამედ ამ სიცოცხლის საფრთხის მოცილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.