საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში, ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტის საჭიროება კულტურის მინისტრის ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით.
"პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.
პროექტის შემუშავების პროცესში, კულტურის სამინისტროს განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა თამარ ივერმა.
დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი პირველ ნაბიჯებს დგამს მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლის, საოპერო რეჟისორის, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვის ვიზიტით, რომელიც კულტურის სამინისტროს მოწვევით ქუთაისში სამუშაო შეხვედრებს იწყებს.
ორლინ ანასტასოვს კულტურის სამინისტროსგან ეთხოვა ქუთაისის ოპერის თეატრში ვიზიტი და ქალბატონ ირინა ლომინაძესთან ერთად კულტურის სამინისტროსათვის ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების შესახებ ხედვის მომზადება. 10 და 11 ნოემბერს, ორლინ ანასტასოვი ქუთაისის ოპერის თეატრში 2 სპექტაკლს - ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერი“ და პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებას“ დაესწრება, რომლებსაც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებენ. იგი ასევე სამუშაო ფორმატში შეხვდება თეატრის შემოქმედებითი გუნდის თითოეულ წევრს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლობას უხდის ქალბატონ თამარ ივერს პროექტის მხარდაჭერისთვის, ბატონ ორლინ ანასტასოვს საქართველოში სამუშაო ვიზიტისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი ორლინ ანასტასოვის მაღალი ჩართულობით დაიმკვიდრებს იმ ღირსეულ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის", ვკითხულობთ განცხადებაში.