ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს, სააკაშვილის დასწრების გარეშე გამართვაზე ამბობს, რომ ეს შესაძლოა პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს მისი სასამართლოში მიყვანის გარეშე ასამართლებენ.
"პირველი პრეცედენტია ალბათ მთელს მსოფლიოში, როდესაც ასამართლებენ პრეზიდენტს, მისი ფიზიკურად სასამართლოში მიყვანის გარეშე, პირველი პრეცედენტია ალბათ მსოფლიოში, როდესაც პატიმარს, პოლიტიკურ პატიმარს თავი გავანებოთ, პატიმარს არ ეძლევა შესაძლებლობა ზარის განხორციელებისა უკვე რამდენი ხანია, პირველი პრეცედენტია ალბათ, როდესაც ჰყავთ დატყვევებული პრეზიდენტი და მოტყუებით გადაყვათ იმ ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს, თანაც როგორ და როდესაც შვილები და დედა ელოდება მას პაემანზე მისულები ციხეში და ეს ხდებოდა რუსთავში, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს და იქნება ცოცხალი და ჯანმრთელი და მალე თავისუფალი, დღესაც გამოჩნდა, რამდენად ეშინიათ თავისუფლების იდეის", - ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია.
პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ექსპრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, შესაძლოა, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".