სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და მოიხდის ბოლომდე სასჯელს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ წერილს, სადაც ამბობს, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანისას კრიმინალების გინების ქვეშ გაატარეს, კობახიძე ამბობს, რომ გინება მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, გინება მიუღებელია, ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც ამაზე შემიძლია დავაფიქსირო. შეიძლება ეს იყო სავარაუდო, იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან. გუშინ წამოსცდა სააკაშვილის ერთ-ერთ თანაგუნდელს, რომ 2012 წლამდე, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, ციხე, განსაკუთრებით გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე. ეს იყო მიხეილ სააკაშვილსი შემოქმედება და დღეს საუბარია, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს. ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე აწამებდა ადამიანებს, ეპყრობოდა არაადამიანურად, მისი დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი და ამის მსხვერპლი ხდებოდა ათასობით ადამიანი, პატიმარი. წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების ჩაბარება, ამ ყველაფერზეა საუბარი. ეს რაც გითხარით, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის წარსული, ეს არის მისი აწმყო და მისი მომავალი. ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ ხელოვნურად „ნაცმოძრაობას“ კუთვნილი ტელევიზიები ცდდილობენ, შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რომელიც აგებულია სააკაშვილზე და მის პატიმრობაზე. არ არის ეს საინტერესო, სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და მოიხდის ბოლომდე სასჯელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.